top of page

დაბა კაზრეთის ახალგაზრდები Flex პროგრამის ფარგლებში ამერიკაში გაემგზავრებიან...

დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის,მე-10და მე-11 კლასის მოსწავლეები,ნინი მოსეშვილი და ანანო ავქოფაშვილი,გაცვლითი პროგრამა ფლექსის

ფინალისტები გახდნენ და ერთი წლით გაემგზავრებიან ამერიკაში.

ორივე მათგანი აქტიური მოსწავლის სტატუსს ატარებს,ისინი იღებენ

როგორც სასკოლო,ფორმალურ ასევე არაფორმალურ განათლებას და

ჩართულნი არიან არაერთ მოხალისეობრივ და სასარგებლო პროექტში,მათი მთავარი მიზანი დაბის უკეთესობისკენ შეცვლა და პიროვნულად გაზრდის დაუცხრობელი სურვილია.

უფრო ვრცლად გამოცდილების,თანმხლები სირთულეების, გადალახვის გზების,ბევრი შრომის,მონდომების და საბოლოოდ შედეგებამდე

მოღწევის შესახებ დეტალურად თითოეული მათგანი კომენტარს აკეთებს. ანანო ავქოფაშვილი:

,, FLEX პროგრამა, იგივე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა,

ბავშვობიდან იყო ჩემი ინტერესის სფერო.

წელს ამ პროგრამაში ბედი მეორედ ვცადე, რითიც კიდევ ერთხელ

დავრწმუნდი, რომ მთავარი მიზანდასახულობაა. როდესაც აპლიკაცია

გავგზავნე, ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული რომ დამირეკავდნენ,

თუმცა მივიღე ზარი ნახევარფინალისტობაზე. ამ წუთის შემდეგ გავიაზრე რამდენად სერიოზულ საქმესთან მქონდა საქმე და გადავწვიტე, რომ მთელი მონდომებით უნდა შევჭიდებოდი უამრავი საბუთების მოგვარებას, ესეების წერასა და გასაუბრების გავლას. მართლაც, ახლა რომ ვუფიქრდები,

შეუძლებელია დავივიწყო რამხელა ენთუზიაზმი, მოტივაცია და სურვილი მქონდა იმისა, რომ ყველა დეტალი სწორი, გამართული და შესაბამისი

ყოფილიყო. რთული ათი დღის შემდგომ დაიწყო რამდენიმეთვიანი

ლოდინი, რომელიც კიდევ დამატებით აღელვებასა და მუდმივ ფიქრს

იწვევდა. მთელ წელში განვლილი სტრესისა და ნერვიულობის ფონზე ტელეფონზე შემოვიდა ზარი, რომელმაც მამცნო, რომ ფინალისტი ვიყავი. შეუძლებელია ის ემოციები სიტყვებით გადმოსცე, რაც იმ წუთებში დამემართა.”

-ანანო,რას ურჩევდი დამწყებ მონაწილეებს შენი გამოცდილებიდან

გამომდინარე,რა უნდა გაითვალისწინოს და რისთვის უნდა იყოს მზად

თითოეული მათგანი?

,,რაც მე ამ პროგრამამ მასწავლა არის ის, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ

გულწრფელები და საკუთარი თავები წარმოვაჩინოთ ისეთები, როგორებიც ვართ. აუცილებლად უნდა იყოთ კონკრეტულები და სწორი გზით უნდა

მოახერხოთ ჩამოყალიბება იმის, რისი თქმაც გსურთ. მთავარია გვჯეროდეს საკუთარი თავის და იმის, რომ ოცნებები ხდება!”


ნინი მოსეშვილი:

,, ზოგადად, FLEX პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9,მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, ასაკის შესაბამისად. ფლექსის შესახებ ბავშვობაში

გავიგე და იმის შემდეგ სულ მოუთმენლად ველოდებოდი იმ ასაკს, როცა

პროგრამაში მონაწილეობას შევძლებდი.როცა მეცხრე კლასში გადავედი,

უკვე შემეძლო მონაწილეობის მიღება, თუმცა მოტივაციის ნაკლებობის და შინაგანი შიშის გამო, ვერ გავბედე და არ შევავსე, რაც შემდეგ ძალიან ვინანე. თან მარცხის შიში მქონდა, თან თავდაჯერებული საერთოდ არ ვიყავი. იმას ვერ ვიაზრებდი, რომ რეალურად გამოცდილებასაც მივიღებდი და ცდით არაფერი მაკლდებოდა. დრო რომ გავიდა, სხვადასხვა პროექტიდან მიღებულმა გამოცდილებამ დამანახა რომ შესაძლებლობა იმისთვისაა, რომ შენს სასიკეთოდ გამოიყენო, ამიტომ შემდეგ წელს, პირველად ვცადე მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ, მეორე ეტაპზამდე, ანუ

ნახევარფინალამდეც კი ვერ მივაღწიე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი

გარკვეულწილად ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო, თუმცა რადგან ბოლოჯერ ცდა კიდევ შემეძლო შემდეგ წელს, მოტივაცია დიდად არ დამიკარგავს.პირიქით, ყველაფერს უფრო დიდი შემართებით და მონდომებით ვაკეთებდი, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მიმეღო. მესამედ რომ ვცადე და ნახევარფინალში გადავედი, ჩემს თავს უკვე

გამარჯვებულად ვთვლიდი, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიე და

თავდაუზოგავი შრომის შედეგიც გამოჩნდა. ნახევარფინალის ეტაპებზე

მუშაობისას ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, უკვე შეცვლილი და მიზანდასახულიც. რამდენიმე თვის შემდეგ დამიკავშირდნენ და როცა გავიგე, რომ ფინალისტი გავხდი, სიტყვებითაც ვერ აღვწერ რა ემოციები ვიგრძენი. ეს იყო სიხარულის, წარმატების, სიამაყის, შრომის დაფასების და ბედნიერების შეგრძნების ემოციები, რომელიც სულმემახსოვრება. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიზიარა ჩემი სიხარული, რაც ძალიან ემოციურია ჩემთვის.

-ნინი ,რა არის ის ძირითადი რჩევა,რასაც დღეს შენს თანატოლებს და შენზე პატარებს მისცემდი?

დღევანდელი მე, სრულიად განსხვავებულია 2-3 წლის წინანდელ მე-სთან შედარებით. მინდა, რომ ჩემი ისტორიით, ჩემს თანატოლებს და

მოხალისეებს,რომლებსაც სურთ მსგავს პროგრამებში მონაწილეობის მიღება ვუთხრა, რომ თავიდანვე წარმატებული არ ვყოფილვარ და პირველივე

ცდაზე გამარჯვებული ვერ გავხდი, თუმცა მთავარი ის იყო, რომ მოტივაცია არ დამეკარგა და უფრო აქტიური ვყოფილიყავი. ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ ცადონ ყველაფერი, რისი შესაძლებლიბაც აქვთ და მიიღონ მონაწილეობა უამრავ პროექტსა თუ კონკურსში, რადგან ეს ყველაფერი უამრავ გამოცდილებას შემატებს მათ და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.”

ავტორი: მარიამ სოსელია

Comentarios


bottom of page