top of page

დაბა კაზრეთის კლასის მოსწავლეებს, საბაზისო კლასის წარჩინებულად დამთავრებისთვის კომპიუტერები გადასცეს

20 მარტს, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის, მე-10 ა და მე-10 ბ კლასის 14 მოსწავლეს, საბაზისო კლასის წარმატებულად დასრულებისთვის საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს. მოსწავლეებს კომპიუტერები სკოლის დირექტორმა- ნანა ოდიშელიძემ გადასცა.



,,დავიწყებ იმით, რომ ამ დროს არ ველოდებოდი, ასე მალე თუ ჩამოვიდოდა, რადგან შარშანდელი მოსწავლეებისთვის დაიგვიანა კომპიუტერებმა და ამიტომ ველოდებოდი ან წლის ბოლოს, ან შემდეგ წელს.

ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც გავიგე, რომ კომპიუტერები ჩამოვიდა. 3 წელი თავდაუზოგავად ვშრომობდი იმის გამო, რომ აქამდე მოვსულიყავი. მოტივაცია იმისა, რომ ამდენი ხანი მეშრომა და არ დავნებებულიყავი, მასწავლებლები იყვნენ, კერძოდ კი ისტორიის მასწავლებელი, რომელმაც მითხრა, რომ სამი წელი ამად ღირდა, იმ სიამოვნებად, რასაც მივაღწევდი.

ამან ჩემს პიროვნულ განვითარებაზეც იმოქმედა. მე არა მარტო კომპიუტერისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის ვსწავლობდი. კომპიუტერი იყო სტიმული, რომ არ დავნებებულიყავი და გამიხარდა, რომ მოვედი აქამდე, გამიხარდა, რომ ჩემი შრომა დაფასდა.

ყველას ვურჩევ, რომ ვისაც ჯერ კიდევ აქვთ ამ ბედნიერების განცდისთვის შანსი, ისწავლონ, დაიფასონ საკუთრი განათლება.

მიხარია, რომ ახლა არ ვდგავარ შორს ჩემი კლასელებისგან და თანატოლებისგან, არ ვნანობ იმ განვლილ წლებს, რომლებიც ვფიქრობ, რომ ტყუილად არ დავკარგე. ჩემთვის უსაზღვრო ემოცია იყო, როცა გავიგე, რომ ეს შევძელი და ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ხვდები, რომ რაღაც გამოგდის“- ამბობს მე-10 ა კლასის მოსწავლე, მარიამ გვარაძე.

,, ზოგადად, როგორც კი პირველ კლასში შევედი და გავიგე რომ საბაზისო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცემოდათ, ძალიან მოვიხიბლე ამ ფაქტით და შეიძლება ითქვას რომ, იმ დღიდან მიზნადაც კი დავისახე, მისი რეალობად ქცევა.

ვერ ვიტყვი რომ აქამდე მოსვლა მარტივი იყო, პირიქით. ხშირი იყო მეცადინეობაში გათენებული ღამეები, ბუნებას რომ სძინავს უკვე და მარტო შენი ოთახიდან გამომავალი სინათლე ანათებს არემარეს. ხშირი იყო გადაღლილობა, დანებების სურვილი, ცოტა ცრემლიც იყო. თუმცა, ისე უცბად გაიარა წლებმა, ვერც გავიაზრე, რომ ის დღე მოვიდა, ის დღე, 6 წლის ანი ძალიან რომ ელოდა. აი, რა არის ყველაზე უფრო მშვენიერი! ერთ მიზანს მიაღწევ თუ არა, ამჩნევ, რომ უფრო ზემოთ მეორე კაშკაშებს. ეს კი ცხოვრებას ძალიან საინტერესოს ხდის. მომავალი, ეს არის გაუკვალავი ბილიკი, უამრავი შესაძლებლობით სავსე. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და ცხოვრების სირთულეებს სიხარულით შეეჭიდეთ. შეუძლებელი არაფერია.- ამბობს მე-10 ბ კლასის მოსწავლე, ანი მენაბდიშვილი.


თითოეული მოსწავლე ძალიან აღფრთოვანებული და ბედნიერია საკუთარი წარმატებით. სკოლა ელის მომავალ თაობას, რომლებიც ამ ბედნიერებას ისევე განიცდიან როგორც ახლა, ეს ახალგაზრდები. დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა, კიდევ ბევრი წარმატებული ახალგაზრდის გაცნობას აანონსებს.


ავტორი: ანი მუსხელიშვილი

ფოტო: მარიამ ბერია

51 views

Comments


bottom of page