საქართველოში Alte უნივერსიტეტის ორგანიზებითა და თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 𝟐𝟎𝟐𝟒-ში იწყება. მასში მონაწილეობას კაზრეთელი მოსწავლეები და
მასწავლებელი მიიღებენ. ნათია იასაღაშვილი პროექტის მენტორია, რომელიც მენტორობას ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაუწევს. ლიზი გიორგაძე, ნანიკო დემურაშვილი, მაგდა მახარაშვილი და ლიკა კავლელაშვილი დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და სპეციალურად 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 2024 -სთვის ინოვაციურ ციფრულ პროდუქტს შექმნიან.
𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 𝟐𝟎𝟐𝟒 საერთაშორისო ტექნოლოგიური კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 100ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი გოგონა იღებს. საქართველო კონკურსში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. წელს კონკურსში მონაწილეობას 730 გოგო და 250 მენტორი მიიღებს. პროექტში ჩართული გოგონები და მენტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის კაზრეთიდანაც არიან. კონკურსის ფარგლებში მათ ინოვაციური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპის შექმნა ევალებათ.
"ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ტექნოლოგიებით ამიტომ როგორც კი შემხვდა ეს პროექტი დაუყონებლივ დავრეგისტრირდი.იგი მეხმარება რომ განვივითარო ისეთი თვისებები როგორიცაა ლიდერობა, მიზანდასახულობა, განმივითარდეს ისეთიუნარები რაც დამეხმარება მომავალშიდა მივეჩვიო ჯგუფურ მუშაობას" - ნანი დემურაშვილი, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე.
"მინდა, რომ უკეთესი სამყაროსთვის რამე მნიშვნელოვანი გავაკეთო. დღეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების სფეროში ხდება და მაგიტომაც მივიღე მონაწილეობა. მინდა რომ მსოფლიოს ნაწილი ვიყო და სხვა ქვეყნებშიც ვნახო, რას აკეთებენ გოგონები, როგორ აკეთებენ. მინდა რომ ჩემი შექმნილი [პროდუქტი] ადამიანებს დაეხმაროს, რომ უკეთ იცხოვრონ. - ლიკა კავლელაშვილი, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.
"Tecnovation girls-ის პროექტით ძალიან დავინტერესდი და მასში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე, პირველ რიგში იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი მაინტერესებს და შესწავლის შანსი არ გავუშვი ხელიდან, რადგან ჩემთვის უცხოა, როგორც ერთ პატარა დაბაში მცხოვრები გოგოსთვის და მინდა რომ უფრო მეტი გავიგო მასზე. თან ბევრ აპლიკაციას ვიცნობ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობს (Google, YouTube და ა.შ.) და ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, თუ როგორ მუშაობენ ისინი. ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან 21-ე საუკუნეში ნებისმიერს გამოადგება ამა თუ იმ კარიერის აწყობაში და ვფიქრობ ამაზე ბავშვობიდანვე თუ ვიფიქრებ მომავალში იმდენად აღარ გამიჭირდება, როგორც გამიჭირდებოდა ტექნოლოგიების არცოდნისას." - მაგდა მახარაშვილი, მეცხრე კლასის მოსწავლე.
ლიზი გიორგაძე "კაზრეთიპრესში" 2022 წლიდან თანამშრომლობს, 2023 წლიდან "კაზრეთიპრესის" მთავარი რედაქტორის მოადგილეა. ლიზი წარმატებით ართმევს თავს ათამდე ჟურნალისტის მართვას, ტექსტის რედაქტირებას და ონლაინ გამომცემლობის ვებგვერდისა თუ სოციალური გვერდების მართვას. კაზრეთიპრესის გუნდი უსაშველოდ ამაყობს ლიზის ყველა წარმატებით და დარწმუნებულია, ჩვენს რედაქტორს წინ უფრო და უფრო მეტი წარმატება ელოდება.
ლიზი, ლიკა, მაგდა და ნანი ერთ გუნდში იმუშავებენ და მომავალი 4 თვის მანძილზე აპლიკაციებისა თუ ხელოვნური ინტელექტის შექმნის სპეციფიკას შეისწავლიან. წარმატების შემთხვევაში, ისინი TechInovation Girls 2024 მსოფლიოს წინაშე წარსდგებიან.
Comments