top of page

კაზრეთში საბავშვო ბაღს ამხანაგობა არტ-მშენი ააშენებს

ტენდერი 2023 წლის 13 აპრილს გამოაცხადა. ტენდერი საწყისი ღირებულება 6 მლნ 200 ათასი ლარი იყო. ხელშეკრულება არტ-მშენსა და საქართველოს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდს შორის 2023 წლის 6 ივნისს გაფორმდა და დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას დაბა კაზრეთში ბაღის აშენება 20 თვეში ევალება. ბაღის მშენებლობისათვის კომპანია 4 960 001 ლარს მიიღებს. კომპანიამ Design-Build (რაც მშენებელისა და დიზაინერის ერთობლივ მუშაობას გულისხმობს) მეთოდის გამოყენებით 300 ბავშვზე გათვლილი შენობა 2025 წლის თებერვლამდე უნდა ააშენოს. "არტ-მშენი" საბავშვო ბაღებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაინსა და სოფელ ამამლოშიც ააშენებს. კაზრეთის მოსახლეობა წლებია წუხს კაზრეთში საბავშვო ბაღის არარსებობის თაობაზე. კაზრეთელი ბავშვები მეზობელ სოფელში - ბალიჭში - არსებულ საბავშვო ბაღში იღებენ სკოლამდელ განათლებას, თუმცა მოსახლეობის ინფორმაციით, ბალიჭის ბაღში საკმარისი ადგილი არაა.

საბავშვო ბაღის არარსებობის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ინტერვიუ კაზრეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგ მარიამ ბერიასგან ავიღეთ:


-რა სახის პრობლემების წინაშე დგას კაზრეთის მოსახლეობა ბაღის არარსებობის გამო?


-ბაღის არარსებობა დიდ პრობლემას უქმნის კაზრეთს იმიტომ,რომ ბოლო რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს საბავშო ბაღი კაზრეთში და არის ავარიული შენობა.


-ბაღის არარსებობის გამო, როგორ უმკლავდებით პრობლემებს?


-ალტერნატივად გამოინახა ის, რომ მიმდებარე სოფელში, სოფელ ბალიჭში უკვე არსებულ ბაღში, შესაძლებელი გახდა ბავშვების დამატება, თუმცა იმის გამო, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია, შესაბამისად ნაკლები ინვენტარი, ოთახები არაა გარემონტებული ამიტომ, ყველა ბავშვის მიღება ვერ ხერხდება, რაც რათქმაუნდა ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის ჩვენ, როგორც მშობლებს იმიტომ, რომ ბაღის ასაკის ბავშვები ვერ დაგვყავს საბავშვო ბაღში. ჩემი შვილი უკვე გახდა ორი წლის, ველოდები, რომ სექტემბრიდან მიიღებენ, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ იმიტომ, რომ არ აქვთ გარემონტებული ოთახები და ველოდებით მერიის გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა შეარემონტოს ერთ-ერთი ოთახი და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩემი შვილის ბაღში სიარული.


-სად ატარებენ თქვენი ბავშვები დროს რომელიც მათ ბაღის არსებობის შემთხვევაში აღმზრდელებთან უნდა გაეტარებინათ?


იმის გამო, რომ ბაღი არ არის, რაც უფასოდ ეკუთვნით ბავშვებს გვიწევს ძიძის აყვანა, ვისაც ძიძის აყვანის საშუალება არ აქვს უწევს ახლობლებთან დატოვოს ბავშვი ან საერთოდ არ გავიდეს სამასახურში, რაც დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის. მე, იმის გამო, რომ ვმუშაობ, მყავს აყვანილი ძიძა და ვუხდი შესაბამის თანხას, თუმცა თუ ბაღი არ მიიღებს, ისევ მომიწევს ძიძის აყვანა, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.


-ფიქრობთ, რომ ბაღის არარსებობა ბავშვის განვითარებას ხელს უშლის?


-რა თქმა უნდა, ვფიქრობ,რომ ბაღის არარსებობა ბავშვთა განვითარებას ხელს უშლის იმიტომ, რომ მათი ასაკის ბავშვებთან უკეთესად ვითარდებიან: ბაღის გარემოში სწავლობენ რიგში დგომას, დათმობას, საკვების,სათამაშოს განაწილებას და გამოიმუშავებენ ძალიან ბევრ იმ უნარჩვევას, რომელსაც ფიზიკურად სახლში მშობელი ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ გამოუმუშავებს. სახლში შეიძლება ბავშს ყავდეს დედმამიშვილი ან არ ყავდეს ბაღში კი, სხვა ბავშვებთან ერთად ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობენ ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებელიცაა ბავშვი მინიმუმ ორი წლიდან დადიოდეს ბაღში მისი ასაკის ბავშვებთან ერთად.


-კაზრეთის მოსახლეობა ბავშვებს მეზობელ სოფელში ბალიჭში ატარებენ, რამდენადაა ტრანსპორტის პრობლემა დაბაში, რომლის გამოც შესაძლოა მშობელმა/მეურვემ ბავშვის მეზობელ სოფელში ტარება ვერ შეძლოს?

-ტრანსპორტირების საკითხი გადაწყვეტილია, დანიშნულია ტრანსპორტი და დილით მიყავს ბავშვები მშობლებთან ერთად და საღამოსაც მოყავს. ეს პრობლემა არ არის, რომ სიშორის გამო ვერ ატაროს მშობელმა ბავშვი ბაღში, უბრალოდ ბალიჭის ბაღში არარსებული სათანადო რესურსის გამო, საბავშვო ბაღი ვერ იღებს ყველა ბავშვს კაზრეთიდან.


ავტორი: მარიამ გვარაძე

58 views
bottom of page