ნაადრევი ქორწინება, რესურსებზე მიუწვდომელობა, გენდერული უთანასწორობა, ეს ის პრობლემებია, რომლის მიხედვითაც დაბა კაზრეთის ახალგაზრდების მონაწილეობით ,,ფორუმ თეატრი“ შეიქმნა. მოსწავლეებმა სპექტაკლის საშუალებით მაყურებელს ნათლად დაანახა ის პრობლემები, რაც მათ ირგვლივაა წამოჭრილი.
სპექტაკლი 24-25 ნოემბერს ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში გაიმართა. Kazretipress-თან თეატრის შესახებ სპექტაკლის ერთ-ერთ მონაწილემ- მიშო სარუხანიანმა ისაუბრა:
,,ფორუმ თეატრის ტექნიკა საკმაოდ დიდი ხნის წინ შეიმუშავეს და, ვფიქრობ, მისი მთავარი მიზანი გარკვეული პრობლემის აუდიტორიამდე მიტანაა. ამავდროულად, მაყურებლის ჩართვა, მათი შეხვედრა მოცემულ პრობლემასთან და ის, რომ თავად გაიაზრონ, თუ როგორ გადაჭრან პრობლემა, რა ხერხებით და ა.შ. ვფიქრობ, ,,ფორუმ
თეატრს“ საკამაოდ დიდი შედეგი აქვს, რადგან ადამიანი, როგორც მაყურებელი, როდესაც სცენაზე ამოდის და სრულიად ირგებს როლს, ის რეალურად აღიქვამს იმ შეგრძნებებს, ემოციებს, რასაც ადამიანი მართლა გრძნობს მსგავს სიტუაციაში. შემდეგ იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ გადაჭრას ეს პრობლემა და ავტომატურად ხდება ალტერნატიული ,,სამწუხარო რეალობის“ მსხვერპლი, რაც ვფიქრობ მეტად ეფექტურია.
მოკლედ რომ ვთქვა, სპექტაკლისთვის მზადება ძალიან რთული იყო, თუმცა უფრო მეტად სასიამოვნო, დაწყებული სცენარების წერიდან, გაგრძელებული თამაშით. რა თქმა უნდა, დამღლელიც იყო, რადგან ზოგჯერ 6-7 საათიც გვიწევდა რეპეტიცია, მაგრამ, ვფიქრობ, ამან შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, გავიცანი ახალი და ძალიან დიდი ნიჭის მქონე ადამიანები, რაც მეტად სასიხარულოა ჩემთვის.“
,,ფორუმ თეატრის“ მთავარი დამახასიათებლის გათვალისწინებით, როლები მაყურებელმაც მოირგო. ერთ-ერთი მონაწილე თემო ლეკიშვილია, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას ახალი პერსონაჟის ამპლუაში შეუერთდა დასს.
,, პირველად დავესწარი ,,ფორუმ თეატრს“. ეს იყო ძალიან სახალისო და საინტერესო. ამასთან, ასეთი სახის თეატრი უფრო მარტივად წარმოგვიჩენს პრობლემას. ფორუმის მთავარი ფუნქციაც სწორედ პრობლემის მარტივად დანახვა და მის გადაჭრის გზებზე მუშაობაა. სცენაზე ასვლისას, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი აუდიტორია მისმენდა და მიყურებდა, თავიდან ვნერვიულობდი, თუმცა როლში შესვლამ ნერვიულობა მალევე გამიქრო. ვისურვებდი კიდევ მრავალჯერ მონაწილეობას, რადგან, მეტი გამოცდილება გვაძლევს მეტ შედეგს. რაც შეეხება უშუალოდ მსახიობებს, მათი დაუღალავი შრომა სპექტაკლის მსვლელობისას ნათლად გამოჩნდა, რადგან, მათი თამაში არაფრით ჩამორჩებოდა გამოცდილი მსახიობების თამაშს“
სპექტაკლს ქალაქ ბოლნისის წარმომადგენლები: მერიიდან, საკრებულოდან, გენდერული თანასწორობის საბჭოდან და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებიდან ესწრებოდნენ. გარდა ამისა, ,,ფორუმ თეატრმა“ დიდი მოწონება დაიმსახურა და ხალხში ახალი სპექტაკლის დადგმის სურვილი გააჩინა. შემდეგი სპექტაკლი ქალაქ გორში გაიმართება.
ავტორი: ანი მაისურაძე
Comments