20 თებერვალს კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ახალგაზრდებმა მოქმედებიანი წარმოდგენა დადგეს. Xll კლასის მოსწავლე მიშო სარუხანიანის ინიციატივით შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულმა მოსწავლეებმა საკუთარი ლექსები და ჩანახატები გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას.
პირველი სცენა სავსე იყო ემოციური და დრამატული მოქმედებით, მოსწავლეები 25 თებერვლის ოკუპაციას გამოეხმაურნენ. მოეორე სცენა, იუმორისტული და დიალოგებზე აგებული იყო, სადაც საქართველოში არსებული პრობლემები წარმოადგინეს. მესამე სცენაში კი საავტორო ნამუშევრები გააცნეს საზოგადოებას ანი მაისურაძემ, ლიზი გიორგაძემ, ნანი გოჩაძემ, მარიამ სოსელიამ და მიშო სარუხანიანმა.
ერთ-ერთი მონაწილე ,მარიამ სოსელია უფრო კარგად გაგვაცნობს წარმოდგენას:
„თავდაპირველად პოეზიის საღამოს მოწყობის იდეა შემოგვთავაზა მე-12კლასის მოსწავლემ,მიშო სარუხანიანმა.რაც შეეხება წარმოდგენას,დიდ ხნიანი ფიქრისა და მარჩიელობის შემდეგ,გადავწყვიტეთ,რომ ჩვენი ნამუშევრები,წარმოდგენის სახით დაგვედგა და ორიგინალურად გაგვეერთიანებინა სამ სცენარში. მზადების პროცესი ნამდვილად შრომატევადი გახლდათ,თუმცა ნამდვილად ძალიან საინტერესო და სახალისო. ჩვენ სამივე სცენარი სულ რაღაც ოთხ დღეში დავდგით,რაც თითოეული მონაწილისა და მათი პასუხისმგებლობის დამსახურებაა.რაც მთავარია მზადების პროცესში უკეთ გავიცანით ერთმანეთი,გავიხსენით,რამაც სცენაზე საბოლოოდ უდიდესი გამბედაობა მოგვანიჭა. ვფიქრობ,ნამდვილად მივიღეთ ის შედეგი რაც გვსურდა და ჩანაფიქრი რეალობად ვაქციეთ.წარმოდგენის დასრულების შემდეგ,მაყურებელთა დიდმა ნაწილმა კმაყოფილება გამოთქვა,მათ მოიწონეს ჩვენი წარმოდგენა,რაც ნამდვილად ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.“
ერთ-ერთი ახალგაზრდა, ანანო ავქოფაშვილი, რომელიც წარმოდგენას დაესწრო გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას:
„მინდა გითხრათ, რომ ასეთი სახის პოეზიური წარმოდგენები ჩემთვის ძალიან საინტერესოა, სადაც არ ხდება მხოლოდ ლექსის კითხვა და დადგმულია სცენარი. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ შენი როლის შესრულებისას უდიდეს სიამოვნებას ღებულობ, მითუმეტეს თუ ხედავ, რომ მაყურებელს ეს ყველაფერი დააინტერესდა. სპექტაკლი იმდენად ორგანიზებული, დამაფიქრებელი და სევდიანიც კი იყო, რომ არ შემეძლო ამ ყველაფრისთვის ემოციების გარეშე მეყურებინა. თუ კი ჩვენს სკოლაში მსგავსი სახის აქტივობა გაიმართება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.“
კაზრეთის სკოლის ახალგაზრდები კიდევ ბევრ სიახლებს აანონსებენ ამ კუთხით და ფიქრობენ უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლას.
ავტორი: ნინი სიმონიშვილი
Коментарі