top of page

კაზრეთის N1 და N2 სკოლების მასწავლებელი „EdCamp Georgia 2024“ -ის კონფერენციის მონაწილეა




2-3 მარტს, ბათუმში მეორე ეროვნული კონფერენცია „EdCamp Georgia 2024“ გაიმართა, რომელში მონაწილეობასაც კაზრეთელი მასწავლებელი - ნათია იასაღაშვილი იღებდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი - ლიკა იასაღაშვილი.

 EdCamp საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელსაც საქართველო 2022 წლიდან შეუერთდა და მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, გამოცდილებების გაზიარებას და სკოლებში ინოვაციურ/ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის პროცესის გამარტივებას.


ნათია იასაღაშვილი, კაზრეთის N1, N2 საჯარო სკოლების მასწავლებელი

"ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი, განსხვავებული, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული შეხვედრა იყო. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობის საშუალება მომეცა. პირველ რიგში, ეს იყო დიდი გამოცდილება - ღია და პოზიტიური გარემოს შექმნით მასწავლებელთა თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. გავეცანით სწავლა-სწავლების ინოვაციურ მეთოდებს,ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებაში დანერგვის ინსტურმენტებს, გავცვალეთ კონტაქტები და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონების განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, ისე - უცხოელ ექსპერტებთან. მსგავსი ტიპის საერთაშორისო ინიციატივებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების სკოლებისათვის, სადაც კიდევ უფრო მწვავედ ჩანს სწავლებაში ინოვაციური მეთოდებისა თუ ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროება. ჩვენი სკოლების განვითარებისათვის ბევრი ახალი იდეა მომივიდა, რომელთაც მალე განვახორციელებ."


ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განათლების სფეროს მნიშვნელოვან საკითხებზე საექსპერტო პანელები ჩატარდა. ღონისძიებას უცხოელი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განათლების 300-ზე მეტი სპეციალისტი დაესწრო. ედკემპ ჯორჯია არის საქართველოში პირველად შექმნილი გარემო, სადაც პედაგოგებს შეუძლიათ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, შეხვდნენ ქართველ და უცხოელ კოლეგებს, მოისმინონ წამყვანი მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების მოხსენებები. ამ ფორმატს „EdCamp Georgia“ განათლების სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს სთავაზობს. მეორე ეროვნული კონფერენციის პირველი დღის თემა გახლდათ: „მასწავლებელი - ინოვაციური სწავლების გზამკვლევი“. მეორე დღე დაეთმო პროფესიული სწავლების დანერგვას სკოლებში.


ლიკა იასაღაშვილი, ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

"აღნიშნულ კონფერენციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან მე და ნათია იასაღაშვილი ვიღებდით მონაწილეობას. მსგავსი ღონისძიებები პროფესიული განვითარების ძალიან კარგი საშუალებაა. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა - ჩართულები ვიყავით დისკუსიებში, აქტივობებში. ახალი პრაქტიკული უნარ-ჩვევები შევიძინეთ, რის გამოც ძალიან კმაყოფილი ვარ და რომელთაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მე და ნათიამ უკვე დავგეგმეთ ჩვენი სკოლების თანამშრომლობა ინოვაციური მეთოდების ერთობლივად დასანერგად."



ირინა ცისკარიძე EdCamp Georgia - ს დამფუძნებელი

"EdCamp Georgia წარმოადგენს პასუხისმგებლიან პედაგოგთა მოძრაობას საქართველოში. ჩვენ ვქმნით სადისკუსიო პლატფორმას იმ ადამიანებისთვის, რომელთაც პირდაპირ ეხება განათლება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე - სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი. ორგანიზაცია წარმოადგენს დამოუკიდებელ საზოგადოებას, რომლის მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც პედაგოგებს მიეცემათ სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად საჭირო მოტივაცია, რათა შეიტანონ სიახლეები სწავლების პროცესში, გახადონ ის უფრო საინტერესო და თანმიმდევრულად, სწორად დაინახონ პედაგოგის როლი მომავლის ჩამოყალიბებაში. სადისკუსიო ფორმატი მასწავლებლებს თავიანთი იდეებისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ისინი იმაღლებენ მოტივაციას და იგებენ თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, კონფერენციის შემდეგ საუკეთესო შედეგის მისაღებად პედაგოგს სიახლეები პრაქტიკაში გადააქვს.

ინიციატივა „ედკემპი“ (EdCamp) 2010 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკელმა მასწავლებლებმა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიონალური განვითარების მიზნით ალტერნატიული გზის შექმნა გადაწყვიტეს. მას შემდეგ, „ედკემპის“ მოძრაობა 45-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამაყობენ, რომ ფონდი ბილ და მელინდა გეითსების მხარდაჭერით სარგებლობს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ საერთო საქმისადმი დამოკიდებულება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს „ედკემპმა“ მსოფლიო მასშტაბით მე-6 ადგილი დაიკავა ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის(The World`s Top 10 Most Innovative Companies of 2015 In Education)."



195 views
bottom of page